ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ
მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ უკრაინის კანონის დარღვევით. ეს ადამიანების, თუ ისინი არიან მობილიზაციის ასაკის, უნდა იყვნენ უკრაინაში და დაეხმარონ უკრაინას. მე არ ვსაუბრობ იმაზე, უნდა იყვნენ თუ არა და ვინ უნდა იყოს ფრონტის ხაზზე, ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, თუმცა აქ საუბარია ეთიკასა და მორალზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დახმარება შესაძლებელია ბრძოლის ველზე ან ქვეყანაში მუშაობითა და გადასახადების გადახდით.
„თუ იმყოფები უკრაინაში და არ ხარ ფრონტის ხაზზე, თუმცა მუშაობ და იხდი გადასახადებს, ასევე შეგაქვს წვლილი, იცავ ქვეყანას, ეს ძალიან საჭიროა. მაგრამ თუკი იმყოფები საზღვარგარეთ და ხარ მობილიზაციის ასაკის, თუმცა არ ხარ ფრონტის ხაზზე და არ იხდი გადასახადებს უკრაინაში, დატოვე ქვეყანა უკანონოდ, მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვები. თუკი გვსურს უკრაინისა და ევროპის გადარჩენა, ყველამ უნდა ვიფიქროთ, ვეხმარებით უკრაინას თუ არა, ვართ ჩვენ მოქალაქეები, რომლებიც ბრძოლის ველზე იმყოფებიან თუ ვართ მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ და გადასახადებს იხდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალებისთვის ფული აღარ იქნება და არავინ დარჩება უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.