ვოლოდიმირ გროისმანი - უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვოლოდიმირ გროისმანმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირველი ვიზიტი მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქართველ ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა. გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს ხალხებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ავაშენოთ სხვადასხვა სფეროში აბსოლუტურად ხარისხიანი პოლიტიკა”, – განაცხდა გროისმანმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით კარგი ტენდენცია აქვთ.
“მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში – აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით. ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით. ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით.
“ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას. დიდი მადლობა”, – განაცხადა გროისმანმა.