ვოლფრამ ზენგერ ვაისი - საქართველოში ბიზნესგარემო შესანიშნავია და ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება
საქართველოში ბიზნესგარემო უბრალოდ შესანიშნავია და ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, – ამის შესახებ კომპანიის Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ ვაისმა თბილისში, Gebrüder Weiss – ის ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა Gebrüder Weiss-სთვის. ჩვენ 25 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ. თავიდან, საქართველოში საქმიანობის დაწყება არ იყო იოლი. თუმცა, ჩვენ ვენდეთ საქართველოს და მის მთავრობას და ამან გაამართლა. ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ბიზნესგარემო უბრალოდ შესანიშნავია. ამიტომ გაფართოების შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვოლფრამ ზენგერ ვაისმა.
როგორც ვოლფრამ ზენგერ ვაისმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური ვითარება პოზიტიურია.
გარდა ამისა, მისი თქმით, საყურადღებოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგან საქართველოდან ბიზნესს აქვს წვდომა სხვადასხვა ბაზარზე სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე.
„ამიტომაც განვათავსეთ საქართველოში ჩვენი ბიზნესი. ეს ის გარემოებებია, რომლებმაც გადაგვაწყვეტინა საქართველოში პირველი ინვესტირება და შემდგომი გაფართოება, რამაც აბსოლუტურად გაამართლა“, – აღნიშნა Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.