ვოიაჯერ 1 დედამიწიდან 1977 წელს გაუშვეს და უკვე 43 წელია, კოსმოსს მიაპობს, ახლა ის ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს იმყოფება.
მზისგან ის ახლა იმაზე 150-ჯერ შორსაა, ვიდრე დედამიწა მზისგან. სინათლის სიჩქარით მოძრავ მის სიგნალს ჩვენამდე მოსაღწევად 21 საათი სჭირდება. 2012 წელს მან ოფიციალურად გადაკვეთა ჰელიოპაუზა — საზღვარი, რომელზეც მზის ქარის წნევა უკვე საკმარისი აღარ არის, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცის ქარს გაუწიოს წინააღმდეგობა.
ვოიაჯერ 1-მა მზის სისტემა დატოვა და როგორც მისი აღმოჩენები მიუთითებს, კოსმოსის სიცარიელე (ვოიდი) არც ისე ცარიელია.
დაახლოებით 23 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მყოფი ამ შეუპოვარი ზონდის მონაცემთა უახლესი ანალიზებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ 2017 წლიდან, ვარსკვლავთშორის სივრცეში მუდმივად არის პლაზმის ტალღების ზუზუნი, ანუ ჩვენსა და ვარსკვლავებს შორის იმალება დიფუზიური გაზი.
„ის ძალიან მკრთალი და მონოტონურია, რადგან ვიწრო სიხშირის ზოლშია. ვაფიქსირებთ ვარსკვლავთშორისი გაზის მკრთალ, გამუდმებულ ზუზუნს“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი სტელა კოჩ ოკერი.
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცე სრულიად ცარიელი არ არის, მაგრამ ვინაიდან ვარსკვლავები ძალიან კაშკაშაა, მაგრამ მათ შორის არსებული მკრთალი, თხელი მატერიის დანახვა და გაზომვა ურთულესია. ძირითადად დამოკიდებული ვართ ვარსკვლავთშორის სივრცეში გამოვლილი სინათლის ცვლილებაზე, რათა გავიგოთ, არის თუ არა ასეთი მატერია იქ და რამდენი.
ვოიაჯერის მისიის ხომალდები ადამიანის ხელთქმნილი პირველი ობიექტებია, რომლებიც ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდნენ და შესაბამისად, წარმოადგენენ ამ სივრცის პირდაპირი კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას.
მიუხედავად მზისგან ასეთი სიშორისა და მზის ქარის მისადგომებს იქით ყოფნისა, ეს არც ისე მარტივია. მზე მაინც კაშკაშა და ხმაურიანი ობიექტია, თუ გავითვალისწინებთ მის ამოფრქვევებს, რომლებსაც მიმდებარე გარემო პირობების შეცვლა შეუძლია.
„ვარსკვლავთშორისი სივრცე ჟუჟუნა წვიმას ჰგავს. მზის ამოფრქვევების შემთხვევაში, იქ თითქოს ელავს და შემდეგ კვლავ მშვიდი წვიმა გრძელდება“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეიმს კორდისი.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს ჟუჟუნა წვიმა იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეში იმაზე მეტი დაბალი დონის აქტივობა უნდა მიმდინარეობდეს, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ. ბოლომდე არ არის ცნობილი ამ აქტივობის გამომწვევი მიზეზი; ეს შეიძლება იყოს თერმულად აღგზნებული პლაზის რხევები ან ადგილობრივი ელექტრული ველის წყალობით პლაზმაში ელექტრონთა მოძრაობებით გამოწვეული კვაზი-თერმული ხმაური.
რაც არ უნდა იწვევდეს ამას, აღმოჩენა რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი. ზუზუნის გამოყენება შესაძლებელია პლაზმის სიმკვრივის რუკის შესაქმნელად, რადგან ორივე ვოიაჯერი ვარსკვლავთშორის სივრცეში სულ უფრო ღრმად შედის (ვოიაჯერ 2-მა ჰელიოპაუზა 2018 წელს გადაკვეთა).
მისი გამოიყენება ასევე შესაძლებელია ვარსკვლავთშორის ქარისა და მზის ქარის ურთიერთქმედების უკეთ შესასწავლად. ვიცით, რომ ჰელიოპაუზის მეორე მხარეს ელექტრონთა სიმკვრივის ზრდა შეინიშნება — მასში გავლისას ეს ორივე ვოიაჯერმა დააფიქსირა. ამის მიზეზის გარკვევაში ვარსკვლავთშორისი სივრცის სიმკვრივის უფრო ზუსტი დადგენა დაგვეხმარება.
გამოსხივების აღმოჩენა და მუდმივობა ასევე მიუთითებს, რომ ვოიაჯერი მის დაფიქსირებას კვლავაც შეძლებს და მონაცემებსაც მოგვაწვდის, რომლებიც ვარსკვლავთშორისი სივრცის ტურბულენტობისა და ფართომასშტაბიანი სტრუქტურის დადგენაში დაგვეხმარება.
„ამის შეფასების შანსი არასოდეს გვქონია. ახლა უკვე ვიცით, რომ ვარსკვლავთშორის პლაზმის გასაზომად არ გვჭირდება მზესთან დაკავშირებული შემთხვევითი მოვლენა“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი შემი ჩატერჯი.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მზე, ვოიაჯერი დეტალებს მაინც გზავნის. ხომალდი ამბობს, რომ ის ახლა სიმკვრივეში მიცურავს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი, რომელიც ზონდის ინსტრუმენტებს ენერგიით ამარაგებს, წლიდან წლამდე დეგრადირდება. დაახლოებით 2025 წლისთვის, ის სავარაუდოდ უკვე ვეღარ შეძლებს ენერგიის გამომუშავებას.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიდრე ამის შანსი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ და მივიღოთ.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.