NASA-ს ზონდი ვოიაჯერ-1 — ყველაზე შორეული ხელოვნური ობიექტი სამყაროში, კავშირზე გამოვიდა და სასარგებლო ინფორმაციის გამოგზავნა განაახლა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხომალდის კონტროლი ვეღარ ხერხდებოდა.
წაკითხვადი ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნა ხომალდმა 2023 წლის 14 ნოემბერს შეწყვიტა, მაგრამ როგორც მაკონტროლებლები აცხადებდნენ, ის მაინც იღებდა მათ ბრძანებებს.
მარტში, NASA-ს რეაქტიულ ძრავათა ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ერთი გაუმართავი ჩიპი იყო და მისი გასწორების ჭკვიანური გზაც მოიფიქრა, რამაც 46 წლის წინანდელ პრიმიტიულ კომპიუტერულ სისტემაში კარგად იმუშავა.
„ვოიაჯერ-1-მა განაახლა მონაცემების გამოგზავნა მისი ჯანმრთელობისა და საბორტო საინჟინრო სისტემების სტატუსის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ მან კვლავ განაახლოს სამეცნიერო მონაცემთა გამოგზავნა“, — წერს NASA.
ვოიაჯერ-1 1977 წელს გაუშვეს და წარმოადგენს კაცობრიობის მიერ შექმნილ პირველ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც 2012 წელს ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა და ამჟამად დედამიწიდან 24 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება. დედამიწიდან გაგზავნილ შეტყობინებას მასთან მისასვლელად დაახლოებით 22,5 საათი სჭირდება.
2018 წელს მზის სისტემა დატოვა მისმა ტყუპისცალმა ხომალდმა, ვოიაჯერ-2-მაც.
ორივე ვოიაჯერს თან მიაქვს ე. წ. ოქროს ჩანაწერები — 30 სმ სიგრძის მოოქროვილი სპილენძის დისკები, რომელთა მიზანიც არამიწიერი ცივილიზაციებისთვის დედამიწის ამბის მოყოლაა.
ჩანაწერებს შორის არის მზის სისტემის რუკა, ურანის ნაჭერი, რომელიც რადიოსაათის როლს ასრულებს, რათა მისმა მიმღებმა ხომალდის გაშვების დათარიღება შეძლოს და სიმბოლური ინსტრუქცია იმისა, როგორ უნდა ჩაირთოს ჩანაწერი.
ჩანაწერები NASA-ს სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია, რომელსაც ლეგენდარული ასტრონომი, კარლ სეიგანი ხელმძღვანელობდა. ჩაწერილია დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სურათები, სხვადასხვა ხმები და სიმღერები (მათ შორის ქართული „ჩაკრულო“), რომელთა დაკვრაც შესაძლებელია კომპლექტში არსებული სტილუსით.
აპარატურის მუშაობისთვის საჭირო საწვავი 2025 წლის შემდეგ ამოიწურება. ამის შემდეგ, ხომალდები ირმის ნახტომში ხეტიალს უსასრულოდ გააგრძელებენ, ალბათ იქამდე, ვიდრე სამყარო იარსებებს.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.