ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთთან უნდა ვისაუბროთ როგორც ნორმანდიულ ფორმატში, ისე პირდაპირი დიალოგის სახით
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა იყოს როგორც ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში, ისე – პირდაპირი დიალოგი. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ გამოცემა „ფოკუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, სურს თუ არა ახლა მას ვლადიმერ პუტინთან საუბარი, ზელენსკიმ ასე უპასუხა: „მე შემიძლია, მას დავურეკო, ის ნამდვილად დამელაპარაკება“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ურეკავს, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ არ არის საუბრისთვის საგანი. როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, თუ ნორმანდიულ ფორმატში მრჩევლების შეხვედრა გაჭიანურდება, მაშინ ის აუცილებლად დაეკონტაქტება.
„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, მე მასთან უნდა გადავწყვიტო ყველა რთული საკითხი. თუ ეს დაგვეხმარება უფრო მალე შევაჩეროთ ომი, მე მასთან უნდა ვისაუბრო. ამასთან, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს როგორც დიალოგი ნორმანდიულ ფორმატში, ისე პირდაპირი დიალოგი. იმიტომ, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც ნორმანდიულ ფორმატში არ ვაყენებთ – რუსეთში ან ყირიმში მძევლების საკითხი, ყირიმის საკითხი. ეს ფორმატი კონკრეტულად დონბასს ეხება. ამიტომ, ჩვენ მას უნდა ვესაბროთ გლობალურად პირისპირ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
შეკითხვას – შესაძლებელია თუ არა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ყირიმის მხრიდან, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს საშინელი სიტუაცია იქნება.
„ეს საშინელი სიტუაციაა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ამის წინააღმდეგი ვარ. გვქონდეს იმედი, რომ ეს შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება დიდი ომი. ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ ვიომებთ, ყველა იქნება მობილიზებული – კაცებიც და ქალებიც. ეს იქნება ცუდი უკრაინის მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ რუსეთს ეს მშვენივრად ესმის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.