ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უახლესი ბირთვული რეაქტორების წარმოების შესახებ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ მარიანო გროსის უთხრა, რომ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს, რათა ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეროვნული ენერგეტიკული სისტემის სინქრონიზაცია უზრუნველყოს. ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა გეგმავს ტექნოლოგიური წარმოების ლოკალიზაციას უახლესი „ესემარ-160“ (SMR-160) რეაქტორებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ჩერნობილის ტრაგედიის 35 წლისთავზე გროსის ვიზიტს სიმბოლური უწოდა. ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და საერთაშორისო საზოგადოებას ბირთვულ ელექტროსადგურში მომხდარი ტრაგედიის პირველივე დღეებიდან ჩერნობილის პრობლემისადმი ყურადღებისათვის და მისი შედეგების დაძლევაში მხარდაჭერისთვის.