ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთთან საუბრის გარეშე არსებობა შესაძლებელია, თუმცა ეს სარბენ ბილიკზე სირბილს ჰგავს
რუსეთთან საუბრის გარეშე არსებობა შესაძლებელია, თუმცა ეს სარბენ ბილიკზე სირბილს ჰგავს, კალორიებს წვავ, მაგრამ ადგილზე ხარ. ჩვენ ადგილზე დგომა არ გვსურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, არ მოუსმინონ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ხალხის ემოციებზე თამაშობენ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნორმანდიულ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა უკვე არის უკრაინის გამარჯვება, რომელიც დიალოგის დაწყების შესაძლებლობას იძლევა და სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ხალხის დაბრუნება.
„არავის ენდოთ, ომში წასვლა არავის არსად არ სურს, დავკარგავთ კიდევ ასობით ათას ადამიანს. ჩვენ არ შეგვიძლია, ამის უფლება მივცეთ თავს. სწორედ ამიტომ – მხოლოდ დიპლომატია. და თუ არ იქნება ეს დიალოგი, როგორც ამბობენ: „როგორი დიალოგი შეუძლია ჰქონდეს ზელესნკის პუტინთან?“. იცით, ამ დიალოგის გარეშე არსებობა შესაძლებელია, თუმცა ეს სარბენ ბილიკზე სირბილს გავს, კალორიებს წვავ, მაგრამ ადგილზე ხარ. ჩვენ ადგილზე დგომა არ გვსურს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ნორმანდიულ ფორმატში უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა 9 დეკემბერს იგეგმება.