ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ავღანეთიდან გამგზავრებისას თან 169 მილიონი დოლარი წაიღო.

აშრაფ ღანიმ, რომელმაც ქვეყანა 15 აგვისტოს მას შემდეგ დატოვა, რაც მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს, ვიდეომიმართვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაწერა. მანამდე ამ ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები შეიფარა.

„ახლა ვატარებ კონსულტაციებს და ვაპირებ დავბრუნდე, რათა განვაგრძო ძალისხმევა, რომ ავღანელებისთვის სამართლიანობა აღდგეს“, – ამბობს აშრაფ ღანი.

მისივე მტკიცებით, ქვეყნის დატოვება აიძულეს.

„რომ დავრჩენილიყავი, გავხდებოდი სისხლისღვრის თვითმხილველი“,- განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

„მე სასახლეში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გადატრიალების მსგავსი რამე მოხდა, როდესაც თალიბები შევიდნენ ქაბულში“, – აღნიშნა ღანიმ.