კელი დეგნანი - ამერიკელებსა და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ-ს საელჩომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თავის გვერდზე გაავრცელა.

ვიდეოში კელი დეგნანი საზოგადოებას ქართულ ენაზე ესალმება და ემშვიდობება, ასევე მადლობასაც ქართულად უხდის.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის. ყველა გულწრფელი და პოზიტიური გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენ ორ ქვეყანას შორის. თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მით უმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფლი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ის და თავისი პარტნიორი დაგი უკვე მოიხიბლნენ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით.

„მე და ჩემი პარტნიორი დაგი, მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით. დაგი მწერალია და ალბათ მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ, არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას, თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას“, – ამბობს კელი დეგნანი.

ელჩი მიმართვაში თავის დიპლომატიური მუშაობის ისტორიაზეც საუბრობს.

„რაც შემეხება მე, მე ვარ კალიფორნიიდან და უკვე 26 წელია, დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ. ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანაში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ნატო-ს შტაბბინაში, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, მიმუშავია ვაშინგტონში სხვადასხვა დროს. ბოლოს ვმსახურობდი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა“, – აღნიშნავს ელჩი.

ამასთან, კელი დეგნანის თქმით, ის რამდენიმე წელი იურისტად, ასევე ჟურნალისტად მუშაობდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე წელი ვიყავი იურისტი, ასევე ვმუშაობდი ჟურნალისტად. სამართალი და ჟურნალისტიკა დემოკრატიის ორი უმთავრესი საყრდენია და არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. უკვე ვიხილე, რომ ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში“, – ამბობს კელი დეგნანი.

ასევე, ელჩი აღნიშნავს,  რომ საქართველოში თავისი კატაც ჩამოიყვანა.

„აქ ჩვენი პატარა კატაც ჩამოვიყვანეთ, მას ბირბა ჰქვია, რაც ქართულად ონავარს ნიშნავს. ისიც სიამოვნებით ეცნობა თავის ახალ სახლს. მე და დაგი მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ქვეყნის გაცნობას და ზოგიერთ თქვენგანთან შეხვედრას, თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, ტყეებსა და მთებში სტუმრობისას. იქნებ სალაშქრო ბილიკებზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენი ახალი თავგადასავალი ეს-ესაა იწყება.

ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, გავუძღვე საელჩოს გუნდს და ვიმუშაო ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის. ამერიკელებსა და და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. დიდი მადლობა“, – ამბობს ელჩი ვიდეომიმართვაში.

დატოვე კომენტარი