ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთს არ სურს ნატო-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც მხარს უჭერს
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს ნატო-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს.
ზელენკის თქმით, „უკრაინას სურს ნატო-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ღიაა და რამე საიდუმლოს არ წარმოადგენს.
„ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ეს სიმართლე არ არის. მე ვერ გავამხელ ამ ქვეყნებს, რადგან ჩემთვის დღეისთვის ყველაზე დიდი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს ქვეყანა მხარს გვიჭერდეს. ასეთ მეზობლებთან ყოფნა ადვილი არ არის, ამიტომ ახლა არანაირი რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები არ გვჭირდება“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.