ვლადიმირ ზელენსკი - პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის
ვლადიმირ ზელენსკი - პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის

პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან გამართული საუბრის ძირითადი თემა სამშვიდობო პროცესი იყო.

ზელენსკის განმარტებით, მას და საფრანგეთის პრეზიდენტს აქვთ საერთო ხედვები უკრაინის, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არსებულ საფრთხეებთან, გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროებენ ერთიანობას, ასევე ევროპელი ლიდერების ახალ მიდგომებს.

„მთლიანობაში, ჩვენ გვქონდა არსებითი და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები. პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის და თავადცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.  უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის მხრიდან უკრაინისთვის 900 მილიონი ევროს ღირებულების ლოკომოტივების და 370 მილიონი ევროს ღირებულების სახანძრო სამაშველო ტექნიკის გადაცემას.

ასევე, მისი განცხადებით, ქალაქ ნიკოლაევში იგეგმება საპატრულო კატარღების მშენებლობა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის.