ვლადიმირ ზელენსკი - მშვიდობის დასამყარებლად უკრაინა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვი მზადყოფნას არ გამოხატავს
ვლადიმირ ზელენსკი - მშვიდობის დასამყარებლად უკრაინა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვი მზადყოფნას არ გამოხატავს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობის დასამყარებლად უკრაინა მზად არის რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში სასაუბროდ, თუმცა საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოსკოვი რეალური დიალოგის გამართვის მზადყოფნას არ გამოხატავს.

„როგორც კი რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზად არის, ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ყოველ ჯერზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს ამა თუ იმ ფორმატში. მაგრამ საჯარო პოზიციის გარდა, ისინი რეალურად არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ არ სურთ. მე მზად ვარ ყველა ფორმატისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ესკალაციის რისკის ზრდის და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შემდეგ, უკრაინამ რამდენჯერმე გააგზავნა ოფიციალური მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტთან კავშირის დასამყარებლად.

„უკრაინას უპასუხოდ არ ტოვებენ, თუმცა ამ პასუხს შეხვედრამდე არ მივყავართ. სატელეფონო საუბარსაც არავინ ადასტურებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია იმ ქვეყნების ინიციატივებითაც, რომლებიც რუსულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას სთავაზობენ.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ. უარი არ მითქვამს არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. მეტიც, ჩვენ თავად შევთავაზეთ ამა თუ იმ ქვეყნებს. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა ფორმატში საუბრით“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.