ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„ჩემი სამძიმარი დაღუპული მეომრების ყველა ნათესავსა და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თავდაცვის მინისტრმა, უმეროვმა მაცნობა ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ და რა განკარგულებებს იძლეოდა. ტრაგედიის ფაქტზე დარეგისტრირდა ასევე სისხლის სამართლის წარმოება. გრძელდება შესაბამისი გამოძიება. მთავარია, დადგინდეს სრული სიმართლე იმის თაობაზე, რაც მოხდა და მსგავსი მეტჯერ არ დავუშვათ. თითოეულმა სამხედრომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იცის, როგორ უნდა მოიქცეს ღია ცის ქვეშ, როგორ იზრუნოს უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ახლა გამოძიებამ დაღუპული სამხედროების ახლობლებსა და საზოგადოებას გულწრფელი პასუხები უნდა მისცეს, როგორ მოხდა ტრაგედია და ვისი განკარგულებები იყო არასწორი.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, 3 ნოემბრის დილით ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა სოფელში რუსეთმა იმიერკარპატეთის 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების შეკრებაზე დარტყმა განახორციელა. სავარაუდოდ, დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო. არსებული ცნობებით, სამხედროები არტილერიის დღესთან დაკავშირებით დასაჯილდოებლად შეკრიბეს. მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სამინისტროს მთავარ ინსპექციას სრული გამოძიების ჩატარება დაავალა.