ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მსოფლიოს აშშ-ის დემოკრატიის სიმბოლოდ აღქმა გაუჭირდება
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თქმით, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მსოფლიოს აშშ-ის დემოკრატიის სიმბოლოდ აღქმა გაუჭირდება. ეს განცხადება უკრაინის ლიდერმა ამერიკულ ტელეარხ „ეიჩბიოუზე“ გააკეთა.
„ჩვენ შოკირებული და გაკვირვებული ვიყავით, რომ მსგავსი რამ შეიძლება აშშ-ში მოხდეს. ჩემი აზრით, ეს იყო ძლიერი დარტყმა აშშ-ის დემოკრატიისთვის. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აშშ-ში იდეალური დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, სადაც ხელისუფლება წყნარად, ომის გარეშე, რევოლუციის გარეშე გადაეცემა ერთი პრეზიდენტიდან მეორეს. უკრაინაში ვნახეთ ორი რევოლუცია. გვესმის, რომ მსგავსი რამ შეიძლება მსოფლიოში მოხდეს. მაგრამ აშშ? ამას არავინ ელოდა. შეშფოთებული ვიყავი, არ მინდოდა, თქვენთან სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, სროლა და ღმერთმა არ ქნას, მსხვერპლი. ამის შემდეგ, მივიჩნევ, რომ მსოფლიოს გაუჭირდება აშშ-ის აღქმა დემოკრატიის სიმბოლოდ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა. მომხდარის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.