ვლადიმერ პუტინმა პრემიერის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას ხელი მოაწერა
ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ცნობას „ბიბისის“ რუსული ბიურო ავრცელებს. ახალი პრემიერ-მინისტრი მინისტრთა ახალ კაბინეტს უახლოეს მომავალში წარადგენს.
რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი სახელმწიფო დუმამ დაუჭირა. განკარგულების ტექსტი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მეორე განკარგულებით, ვლადიმერ პუტინმა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტზე დანიშნა. აღნიშნული განკარგულებები ძალაში ხელის მოწერისთანავე შევიდა.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი დღეს დაუჭირა. როგორც „ბიბისის“ რუსული ბიურო იუწყება, კენჭისყრის დროს მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურის სასარგებლოდ 383 დეპუტატი გამოვიდა, 41-მა თავი შეიკავა. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. კენჭისყრამდე დეპუტატებმა მიშუსტინს მოუსმინეს, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მიშუსტინის თქმით, მის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკისა და ეროვნული პროექტების განვითარება.