ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში.

სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გამართული საუბრისას ლიდერებმა გააგრძელეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხების განხილვა, მათ შორის, ბაქოში სახელმწიფო ვიზიტის დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოლაპარაკების გათვალისწინებით.

როგორც სომხური წერს, პუტინმა ფაშინიანს აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა, რისთვისაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

პუტინი და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში შეხვდებიან სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.

პუტინისა და ფაშინიანის საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლშიც ადასტურებენ.

„დადასტურდა რუსეთის მხარის მზადყოფნა, კვლავაც გაუწიოს დახმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის წინ წაწევაში, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განბლოკვაში“, – აღნიშნულია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პუტინსა და ფაშინიანს შორის საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.