ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის შვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის შვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის შვილი, ელიზავეტა ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, მას სრული წვდომა აქვს ევროკავშირის დოკუმენტებზე.

21 წლის ელიზავეტა პესკოვა სტაჟირებას ევროპარლამენტის ფრანგ დეპუტატ ეიმერიკ შოპრადთან გადის, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას საჯაროდ დაუჭირა მხარი. შოპრადმა „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა, რომ პესკოვა მისი გუნდის წევრია. ევროპარლამენტარი ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ელიზავეტა პესკოვა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელი არ არის და არც კერძო პირისთვის მუშაობს.

შოპრადი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრია, ის ასევე ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის მონაწილეა. შოპრადი საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის ყოფილი მრჩეველია.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ ევროპარლამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის შვილს კონფიდენციალურ დოკუმენტებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა პრაქტიკანტებს.