ვლადიმერ პუტინი - არსებობდა დაპირება, რომ აღმოსავლეთით ნატო არ გაფართოვდებოდა, ბუქარესტის სამიტზე კი ითქვა, რომ კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც გაირკვა, ჯორჯ ბუშმა მოახდინა ზეწოლა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არსებობდა დაპირება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთით ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა, რადგან ეს შეთანხმება ქაღალდზე არ იყო დაწერილი, პროცესი მაინც დაიწყო.
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოგვიანებით მან გაარკვია, რომ ქვეყნებზე ჯორჯ ბუშმა მოახდინა ზეწოლა და ისინი „იძულებულები გახდნენ, დათანხმებოდნენ“.
„შემდეგ თქვეს, უკრაინა ნატო-ში არ იქნებაო. მე ვთქვი, ვიცი, რომ 2008 წელს დათანხმდით, მაგრამ რატომ არ დათანხმდებით ამას მომავალში? მათი პასუხი იყო: „მაშინ ისინი გვაიძულებდნენ“. მე ვამბობ, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ისევ არ მოახდენენ შენზე ზეწოლას, და შენ ისევ დამეთანხმები. ეს რაღაც სისულელეა. უბრალოდ, არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკო იქ. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ ვისთან? სად არის გარანტიები?“ – აღნიშა პუტინმა.
ამასთან, როგორც პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აღნიშნა, თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარების გაგზავნის სურვილი, ეს კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს.
„უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლთა უმეტესობა პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზე არიან დაქირავებულები აშშ-დან, მესამეზე – საქართველოდან. თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარების გაგზავნის სურვილი, ეს, რა თქმა უნდა, კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს“, – აღნიშნა პუტინმა.
ჟურნალისტმა პუტინს საკუთარი აზრის დაფიქსირება სთხოვა ამერიკელი სენატორის განცხადებაზე, რომელიც, ტაკერის თქმით, ამბობდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ან საბოლოოდ ამერიკელ ჯარისიკაცებს უკრაინაში უკრაინის ნაცვლად მოუწევთ ბრძოლა.
„ეს არის პროვოკაცია, თანაც იაფფასიანი პროვოკაცია. არ მესმის, ამერიკელმა ჯარისკაცებმა რატომ უნდა იბრძოლონ უკრაინაში?“ – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უფრო რაციონალურია რუსეთთან შეთანხმება და იმის გააზრება, რომ რუსეთი ბოლომდე განაგრძობს ბრძოლას საკუთარი ინტერესებისთვის.