ვლადიმერ პოზნერი - საქართველოდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს ვგეგმავდი, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე წავიდე
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი „რია ნოვოსტისთან“ საუბარში აცხადებს, რომ თბილისში, სასტუმროსთან, სადაც ის საქართველოში ჩასვლისას დაბინავდა, ოპოზიციის მონაწილეობით გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.
მისი თქმით, უსაფრთხოდ არის და მის უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.
როგორც პოზნერმა აღნიშნა, თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა.
„დღეს კი არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე“,- აღნიშნა პოზნერმა.
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.