ვლადიმერ კონსტანტინიდმა ვალენსიის რეგიონის ტექნიკურ სააგენტოსა და ალიკანტეს უნივერსიტეტში შეხვედრები გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ალიკანტეში შეხვედრა გამართა ვალენსიის რეგიონის ტექნიკური სააგენტოს დირექტორთან, ანტონიო როდესთან.
საუბარი შეეხო სააგენტოს მიერ გაციფროვნების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური და რეგიონალური განვითარების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით დანერგილი სერვისების და ზოგადად აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ალიკანტეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ხელმძღვანელთან პროფესორ ხუან ლოპისთან. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები უნივერსიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის. აღსანიშნავია, რომ ალიკანტეს უნივერსიტეტი ყოველწლიურად იღებს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და იქ 2017 წლიდან ფუნქციონირებს ქართული ენის კუთხე.
შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და იქ არსებული ქართული წიგნის კუთხე და განიხილეს ბიბლიოთეკის ახალი ლიტერატურით განახლების საკითხები.
ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო ალიკანტეში, ესპანელი მეწარმეებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაციაში, რა დროსაც ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ქართული ღვინის წარმოების ტრადიცია და საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის მზარდ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქ. ალიკანტეში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.