ვლადიმერ კონსტანტინიდმა ალიკანტეს მერთან ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ადგილზე მცხოვრები თანამემამულეების საკითხებთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ კონსტანტინიდმა შეხვედრა გამართა ქალაქ ალიკანტეს მერთან ლელოს გონსალეს სერნასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში, კერძოდ ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერას, როგორ სხვადასხვა პროექტის განხორციელების კუთხით, ასევე ადგილობრივ დონეზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ალიკანტეს მერს იმ პროექტებისთვის, რასაც მერია ახორციელებს ქართული დიასპორისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს თავისი საქმიანობის განხორციელების და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ქალაქ ალიკნატეს განვითარების და ინოვაციების ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ხუან იგნასიო ტორრეგროსასთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ცენტრის მიერ, ინოვაციური და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული პროექტების, მათ შორის სტარტაპების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს ასევე ქალაქ ბარსელონაში. ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეხვდება ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ხორციელდება მიგრაციის განვითარების პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართავენ ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ გზამკვლევის პრეზენტაციას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.