ვლადიმერ კონსტანტინიდი - პერევის ე.წ. სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვა წარმოადგენს დესტრუქციული ქმედებების ჯაჭვს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში
პერევის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვა წარმოადგენს იმ დესტრუქციული ქმედებების ჯაჭვს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში, იქნებოდა ეს ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები, თუ ახალგორის გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ძალიან ამძიმებს მოქალაქეების მდგომარეობას. კერძოდ, არა მხოლოდ ლახავს მათ უფლებებს და უზღუდავს გადაადგილებას, არამედ ქმნის ჰუმანიტარული კრიზისის პირობებს.
„ძალიან საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე იყო კონკრეტული პრობლემები და ქართულ მხარეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა კონკრეტული საკითხები გადაწყვეტილიყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირველ რიგში, მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების დროული და დეტალური ინფორმირება. აღნიშნული საკითხები მიმდინარე კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამთავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრებზე განხილვის ძირითადი საგანი გახდა. ყველა დონეზე დავაყენეთ საკითხი, ეუთო-სა და გაერო-ს ფორმატში. დავით ზალკალიანის ნიუ იორკში ვიზიტისას ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. ამასთან, ვაპირებთ საკითხის ძალიან მკაცრად დაყენებას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზეც, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელი ჩაკეტა. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.