ვლადიმერ კონსტანტინიდი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
„ბრიუსელში დავით ზალკალიანის ვიზიტი მიმდინარეობს, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა იმართება. სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირა ნატო-საქართველოს დღის წესრიგით დატვირთულია.
„საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. ყველა ეს ღონისძიება და მათი ერთობლიობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ნატო საქართველოს ერთგულ და საიმედო პარტნიორად აღიქვამს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ეს მოვლენები დროში ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალს ემთხვევა, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართება.
27-28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება ნატო-ში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.