ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

27-28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატოში წევრი-ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სხდომა საქართველოს ეძღვნება და მასზე განხილული იქნება საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეებს. ასევე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.

საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტით, ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის შემდგომ 27 მარტს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, 27-28 მარტს საქართველოს ეწვევა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და საქართველოში მიმდინარეობს ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიებები იმართება ნატო-ს საგარეო მინისტერიალამდე, რომელიც 3-4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის 70 წლისთავთან დაკავშირებულ პარალელურ ღონისძიებებში. ​