ვლადიმერ კონსტანტინიდი - კონსოლიდირებული ანგარიში კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა ქართულმა მხარემ მუდმივად დასვას საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ვლადიმერ კონსტანტინიდი - კონსოლიდირებული ანგარიში კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა ქართულმა მხარემ მუდმივად დასვას საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 344-ე სხდომაზე, სადაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს, პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, სხდომაზე საუბარი შეეხო მავთულხლართების უკანონოდ აღმართვის პროცესს, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელშემშლელ პირობებსა და აგრეთვე, ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, სხდომაზე მკაცრად დაისვა საკითხი საერთაშორისო მისიების შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე.

„მივესალმებით მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებასა და სულისკვეთებას, რომელიც მასში არის ასახული. ეს ფორმატი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა ქართულმა მხარემ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად დასვას საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, -აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი თქმით, ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირისა და სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმაც გააკეთეს განცხადებები, რომლებმაც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები კიდევ ერთხელ შეახსენეს.

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნისა და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე.