ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

2021 წლის 10 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2021 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმებას ორმაგი (რუსული) მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ. აქვე, ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საკადასტრო რუკაში აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმებით. აღნიშნული რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობას წარმოადგენს.

საგარეო უწყების ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიში საუბრობს უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ქართულმა მხარემ დააყენა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.

„მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პროგრესი არ მიღწეულა.

ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალისა და ახალგორის რაიონებში.

ამასთანავე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შესაქმნელად მიმართულ ძალისხმევაზე. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შესახებ საუბრისას ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტრატეგიის მიზანია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგება და ჩართულობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. მათ შორის აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ მავთულხლართების უკანონო მონტაჟმა, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივმა ჩაკეტვამ და სამედიცინო ევაკუაციაზე უარმა განსაკუთრებით ნეგატიური ჰუმანიტარული ზეგავლენა მოახდინა იქ მცხოვრებ ადამიანებზე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას შემთხვევაზე, რომლის უპირობო გათავისუფლება გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. ლაშა დარსალიამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი ბებუა და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები.

საგარეო უწყების ცნობით, სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას და მინისტრთა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა „დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების ინკლუზიური პროცესის შესახებ. აქვე, ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

„აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადება გავრცელდა ევროკავშირი სახელით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.