რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა პირველმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ წარადგინა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს გამართულ ყრილობაზე დაასახელეს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ჟირინოვსკი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მეორე ადგილზეა.
ყრილობაზე ისმოდა ლოზუნგები – „ყველა ფული დაბრუნდება რუსეთში“, „შევზღუდოთ მიგრაცია რუსეთში“, „კეთილდღეობა ყველას“. ჟირინოვსკიმ დელეგატებს მიმართა. ის საათზე მეტხანს საუბრობდა. მისი თქმით, მსოფლიოში დღემდე გრძელდება XIX საუკუნის ომი – ყირიმი ომი.
„ტრამპი დღეში 12 ქილა გაზიან სასმელს სვამს. ის ნერვიულობს და განიცდის, რომ არაფერი გამოუვა“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს ჟირინოვსკიმ „მეხუთე კოლონა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ არ გამოუვათ „უკრაინული სცენარით რევოლუციის მოწყობა. რადგან რუსეთში ცივა“.
„მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე მალე აიწევს და ნახევარი სამყარო დაიტბორება. საქმე ყველგან ცუდად იქნება. კარგად იქნება მხოლოდ აქ – ცენტრალურ რუსეთში“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის პრეზიდენტად მეექვსედ იყრის კენჭს. ბოლო გამოკითხვებით, მას მხარს ამომრჩეველთა 8 პროცენტი უჭერს მხარს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.