ვლადიმერ ჩაჩიბაია - უკრაინაში საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაბომბვა აჩვენებს, რომ ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულს
უკრაინაში რაც ხდება, განსაკუთრებით საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაბომბვის თვალსაზრისით, აჩვენებს, რომ ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი სამხედრო გადაწყვეტილების პროცესში ასეთი სახის ობიექტები სამხედრო ზემოქმედების ობიექტებად არ განიხილება.
„უკრაინაში ბრძოლა არის თეთრსა და შავს შორის. ერთი მხრივ, არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გმობენ და მეორე მხრივ, არსებობს ბოროტი ძალა, რომლის მიზანს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ძველი იმპერიის აღდგენა. რაც უკრაინაში ხდება, განსაკუთრებით საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაბომბვის თვალსაზრისით, აჩვენებს, რომ უკრაინაში ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულს, რადგან არც ერთი სამხედრო გადაწყვეტილების პროცესში ასეთი სახის ობიექტები არ განიხილება, როგორც სამხედრო ზემოქმედების ობიექტებად. შესაბამისად, ადგილი აქვს ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რის გამოც საქმე განიხილება ჰააგის სასამართლოში და აღნიშნულ ქმედებებზე შესაბამისი პირები იქნებიან პასუხისმგებელი.
როცა სამხედრო ქმედებებს ახორციელებ, პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რომ სამხედრო ობიექტებზე იყოს ზემოქმედება, მაგრამ როცა ხდება საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოებზე სამხედრო იერიშები, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რასაც პასუხი გაეცემა. უკრაინელი ხალხის ეთნიკური წმენდა აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ გენოციდის ფაქტებსაც. ამას შესაბამის პასუხს გასცემს ჰააგის სასამართლო და მიმდინარე გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა პასუხი აგოს ამ ბოროტებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.