ვლადიმერ ჩაჩიბაია - მთელი სამხედრო საზოგადოება აღშფოთებულია, ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილს ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - მთელი სამხედრო საზოგადოება აღშფოთებულია, ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილს ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია

გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის შეურაცხმყოფელი თითოეული ჯარისკაცისთვის და არა მხოლოდ ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.

ჩაჩიბაიას თქმით, „როცა სახელმწიფოსა და ჯარს ადანაშაულებ პოტენციურ ღალატში, ეს წარმოუდგენელი რამეა“.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ასეთი წარმოდგენა აქვს. იმ ადამიანებზე, რომლებიც მხედრული სალმით ეგებებოდნენ. მისი განცხადება არის შეურაცხმყოფელი თითოეული ჯარისკაცისთვის და არა მხოლოდ ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. როცა სახელმწიფოსა და ჯარს ადანაშაულებ პოტენციურ ღალატში, ეს წარმოუდგენელი რამეა. როცა უმაღლესი მთავარსარდალი იყო, როგორც ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება ასეთი განცხადებების გაკეთება. დილიდან თავდაცვის ძალებიდან სატელეფონო ზარებს ვიღებ, მთელი სამხედრო საზოგადოება აღშფოთებულია. ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი. მას ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია. ჩვენი ჯარი არის ყველაზე ღირსეული, ვაჟკაცი და თავდადებული. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდნენ და ყოველთვის იბრძოლებენ, როცა ამის აუცილებლობა იქნება. ამ ადამიანებმა გაიღეს სისხლი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლებს ჯარისკაცები ეწირებოდნენ, დღეს კი მარგველაშვილი გამოდის და ამბობს, ჯარისკაცი, ვინც სამშობლოს იცავდა ამ აგრესიული ძალისგან, მათ ეუბნება – პოტენციური მოღალატეები არიან და ხვალ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით რუსეთს დაუდგები გვერდში და იმ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლებ, რომელსაც საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს აქტიურად უჭერს. ეს არის სამარცხვინო განცხადება“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.