ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ახალი კოდექსი ბევრ საკითხს აწესრიგებს, მოიცავს ცხრა კანონს და სამინისტროს მუშაობის შედეგად, უფრო დაუახლოვდა ნატო-სა და ამერიკის სტანდარტებს
ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ახალი კოდექსი ბევრ საკითხს აწესრიგებს, მოიცავს ცხრა კანონს და სამინისტროს მუშაობის შედეგად, უფრო დაუახლოვდა ნატო-სა და ამერიკის სტანდარტებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი მთლიანობაში თავდაცვის მიმართულებით ბევრ საკითხს აწესრიგებს.

მისივე თქმით, პროექტი ცხრა კანონს მოიცავს და მუშაობის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გასწია, უფრო დაუახლოვდა ნატო-სა და ამერიკის სტანდარტებს.

„კოდექსის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ევროპის სარდლობის იურისტი სპეციალისტები და ეს დოკუმენტი თანამედროვე საკითხებს პასუხობს. რაც შეეხება ეროვნული ახალწვეულების სამხედრო სამსახურს, პირობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი. ასევე სიახლეა ის, რომ სტუდენტებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ამორჩევით გაიარონ ახალწვეულების სამსახური ქვედანაყოფებში და მათი მსახურობის პერიოდი გადანაწილდება თვეების მიხედვით. ეს თავდაცვის სამინისტროს გეგმის ნაწილი იქნება. ეს გაკეთდება შაბათ-კვირების ხარჯზე თუ არასასესიო პერიოდში, ზაფხულის პერიოდში, ეს შემდგომი დაგეგმვის ნაწილია. თუმცა სიახლეა, რომ ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება, რაც თავდაცვის ძალების სარეზერვო კომპონენტს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

ამასთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

„სწორედ აღნიშნული ჩანაწერი მოემსახურება მომავალში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ასევე სიახლეა ის, რომ კანონში გაიწერება მოხალისეების შესახებ საკითხი და მოხალისეებს შესაბამისი სტატუსი მიენიჭებათ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტოტალური თავდაცვის პრინციპზე წინააღმდეგობის გაწევის გაძლიერებას“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები.