ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადების დონით უკვე ნატო-ს შემადგენლობაშია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადების დონით უკვე ნატო-ს შემადგენლობაშია

საქართველოს შეიარაღებული ძალები მომზადების დონით უკვე ნატო-ს შემადგენლობაშია, – ამის შესახებ  ქართული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბრძოლო მომზადების ცენტრის ანალოგი კავკასიაში არ არსებობს.

„მინდა, საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსება მივულოცო. ასევე, მინდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყება სიხარულით აღვნიშნო. აღნიშნული პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის მზადყოფნის დონეს აამაღლებს. საბრძოლო მომზადების ცენტრის ანალოგი გერმანიაშია და მისი ანალოგი კავკასიაში არ არსებობს. ეს ცენტრი, როგორც ჩვენს ქვედანაყოფებს ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედროებს მოემსახურება. აღნიშნულ ცენტრში ქვედანაყოფების მომზადება და შემდგომში შეფასება მოხდება. ეს საერთაშორისო სტანდარტების ცენტრია. ამ ცენტრში ჩვენი ქვედანაყოფების მომზადებაში ამერიკელი ინსტრუქტორები არიან ჩართულები. მომავალში ქვედანაყოფების მომზადებას, გადამზადებას და მათ შეფასებას ქართველი ინსტრუქტორები გააგრძელებენ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა.

„შეიარაღებული ძალები არა მარტო სტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურად შევცვალეთ. ჩვენი ქვედანაყოფები წლებია, როგორც კოალიციის შემადგენლობაში, ასევე ნატოს-ს ლიდერობით ავღანეთში, ოპერაციებში მონაწილეობენ. ახლაც 870 კაცით ვმონაწილეობთ. შეიარაღებულ ძალებში ინსტიტუციური გამოცდილება საკმარისად დაგროვდა. ჩვენი სამხედროები ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედროებთან აბსოლუტურად თავსებადნი არიან, არა მარტო ტაქტიკური აღსრულების თვალსაზრისით, ასევე სტანდარტული ოპერატიული პროცედურებით. თუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ნატო-სკენ ისწრაფის და ეს დღე ოდესღაც დადგება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი მომზადების დონით და სტანდარტებით უკვე ნატო-ს შემადგენლობაშია. რადგან ჩვენ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების და ამერიკელი მეგობრების მხარდამხარ ვიბრძვით და ჩვენ მომზადების დონით აბსოლუტურად თავსებადი ვართ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა.