ვლადიმერ ჩაჩიბაია - გთხოვთ, 26 მაისს ტაშით გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ
გთხოვთ, 26 მაისს ტაშით გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ, – ამის შესახებ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ჩაჩიბაიას თქმით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 20-წლიანი ომი, რომელშიც საქართველო 2004 წლიდან მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
„ჩვენი ქვეყნის 22 175 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა მისიის ფარგლებში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მათ შორის, 32 მებრძოლი გმირულად დაეცა და 302 დაიჭრა ბრძოლის ველზე. საქართველომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში მხარდაჭერა აღმოუჩინა საერთაშორისო თანამეგობრობას არა მხოლოდ თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. ჩვენს სამხედროებს უწევდათ ავღანეთის ყველაზე რთულ რეგიონებში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულება. მთელი ომის განმავლობაში ჩვენი ბიჭები მოქმედებდნენ ჰელმანდის, ბალჰის, ფარვანის პროვინციებში და ქალაქ ქაბულში. ჩვენი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღიარებულია პარტნიორების მიერ. სწორედ ამიტომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდლობა საკუთარ უსაფრთხოებას ქართველ ჯარისკაცებს ანდობდა. საქართველომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და პარტნიორებთან შეთანხმებით დაიწყო თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესი. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა და დანარჩენი ქვედანაყოფებიც ეტაპობრივად დაბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ მისიის ფარგლებში დაღუპულ მებრძოლებსა და ქედს ვიხრით დაშავებული სამხედროების წინაშე. დიდ მადლობას ვუხდით ყველა სამხედრო მოსამსახურეს მიუხედავად მაღალი რისკებისა და საფრთხეებისა, მათ პირნათლად მოიხადეს მხედრული ვალი და ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ იმ ფიცისა, რომელიც დადეს ღვთისა და ქვეყნის წინაშე. აქვე, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები აორგანიზებენ ტაშის აქციას და გთხოვთ, ტაშით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.