ვლადიმერ ჩაჩიბაია - 2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას
ვლადიმერ ჩაჩიბაია - 2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას

2012 წლიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რომელიც ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისა და არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასების შესაძლებლობაა.

„საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს, რომელიც მტკიცედ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგულებას.

საქართველო-ნატო არსებული თანამშრომლობის საფუძველია საქართველოს თავდაცვის ძალებში შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებზე დაფუძნებით, განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ასპირანტ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მექანიზმი.

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, წლებია, ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იცავდა მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას და წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორ სახელმწიფოს ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში ავღანეთსა და კოსოვოში“, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისი თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკას.

„მტკიცე თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და ინსტიტუტების გაძლიერებას და ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეიქმნა და ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ერთობლივად შეთანხმებული ნაბიჯების ეფექტურად განხორციელებას.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პარტნიორობის მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.