ვლადიმერ ბოჟაძე - სააკაშვილს ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი სწყენს
ძვირფასო კოლეგებო, მე, თქვენ ნაცვლად, სასაუბრო ლექსიკონიდან სიტყვებს: ციხე, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი და ა.შ. საერთოდ ამოვიღებდი, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
„იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, საქართველოს ხელისუფლებას რას ედავებით? თმა რომ აქვს დასავარცხნი მიხეილ სააკაშვილს თუ წვერი რომ აქვს გასაპარსი? კანონიდან გამომდინარე, დაასახელეთ, პატიმარს დიაგნოზში რა უწერია, რაც ითვალისწინებს მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თხუთმეტთვიანი პატიმრობიდან ნახევარი მოხდილი აქვს ოროთახიან „ლუქსში“ და ის დღეს ყველაზე ძვირადღირებული პატიმარია.
„რას გვედავებით? 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას? დემენციის მქონე ადამიანი უკრაინულად კარგად უნდა ლაპარაკობდეს და ქართულად – არა? თქვენი ძვირფასი ექიმები დიაგნოზს მალავენ, თქვენი ადვოკატები მალავენ. ერთადერთი რამე სწყენს სააკაშვილს, ეს არის ოთხი კედელი და საქართველოს ჰაერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.