გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გააცნო
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გააცნო

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას და საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაციას. ამჯერად ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გააცნო. როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, ტექნოლოგიური ინტერვენცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და ამომრჩევლების ინტენსიურ ინფორმირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

„გრძელდება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც არჩევნების მოდერნიზების ისტორიულ და მნიშვნელოვან პროცესს უკავშირდება. დღეს თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გავუზიარეთ ის სიახლეები და პროცედურები, რომლებიც, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ დანერგა. ინტენსიური საინფორმაციო კამპანია მთელი წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა საზოგადოება 2024 წლის ოქტომბერში გასამართი მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის იყოს მზად,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას და ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას დადებითად აფასებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესი ისტორიულია, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

„თბილისის საკრებულო უერთდება ცესკო-ს საინფორმაციო კამპანიას და დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა პრეზენტაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ელექტრონული ტექნოლოგიებით, ახალი სტანდარტებით არჩევნების გამართვა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალურად ინფორმირება და ტექნიკური პროცესების განმარტება“. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობა. კერძოდ, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების პარალელურად, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ასევე მიმდინარეობს ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, მათ ჩამონათვალს ეტაპობრივად შეუერთდება სავაჭრო ცენტრები, უმაღლესი სასწავლებლები, საჯარო და კერძო უწყებები, სადაც მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ, ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.