ვლადიმერ ბორცვაძე - სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ ყველა ნარკორეალიზატორს
ვლადიმერ ბორცვაძე - სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ ყველა ნარკორეალიზატორს

სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ ყველა ნარკორეალიზატორს, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ინფორმაციას ნარკორეალიზატორების, მსხვილი გამსაღებლების შესახებაც მოვიპოვებთ. ამ კუთხით გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს დაწყებული, რომლის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, რა ტაქტიკით ვმოქმედებთ და როგორია ჩვენი მიმართულებები, მაგრამ ცალსახად და ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ამ განცხადებით ბორცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ფლობს თუ არა შსს ინფორმაციას ნარკოტიკების გასაღების ქსელის შესახებ და რამდენად არის შესაძლებელი, ეს ქსელი ერთი ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული.

მისი თქმით, შს მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის შემდგარ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ორი მიმართულებით იმუშავებს.

„პირველი მიმართულება ეს იქნება ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ხოლო მეორე მიმართულება ნარკოპოლიტიკა და ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწა-განვითარება იქნება. შესაბამისად, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, ამ ჯგუფებთან ვიმუშაოთ და გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემატური საკითხი, რაც დღეის მდგომარეობით ჩვენს წინაშე დგას“, – განაცხადა ბორცვაძემ.