ვლადიმერ ბორცვაძე - საგამოძიებო მოქმედებები ემსახურება როგორც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დადგენას, ისე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას
ვლადიმერ ბორცვაძე - საგამოძიებო მოქმედებები ემსახურება როგორც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დადგენას, ისე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ემსახურება როგორც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დადგენას, ისე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას.

ამის შესახებ ბორცვაძემ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავმდამსხმელის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, დამატებითი ღონისძიებები გრძელდება.

„საპოლიციო ღონისძიება, საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციებზე საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ადგილსამყოფლის როგორც დადგენას, ასევე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას. შესაბამისად, თუ გამოძიებას დასჭირდება და თუ ჩავთვლით მიზანშეწყონილად, რომ საგამოძიებო მოქმედება ამა თუ იმ კერძო საკუთრებაში არის ჩასატარებული ან ნებისმიერ საჯარო სივრცეში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავს ღონისძიებას ჩავატარებთ და გავაგრძელებთ.

ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ვაგრძელებთ დამატებით ღონისძიებებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.