ვლად დრაკულა შეიძლება სისხლიანი ცრემლებით ტიროდა — ახალი კვლევა
ვლად დრაკულა შეიძლება სისხლიანი ცრემლებით ტიროდა — ახალი კვლევა

ლეგენდარული ისტორიული ფიგურის, ვამპირის სახელით ცნობილი დრაკულას წერილების ქიმიური ანალიზი მიუთითებს, რომ ვლად დრაკულა შეიძლება სისხლიანი ცრემლებით ტიროდა.

მე-15 საუკუნის ვლახეთის მმართველის ქაღალდებზე დარჩენილი კვალი მიუთითებს, რომ მას დაავადება ჰემოლაკრია აწუხებდა, რაც ცრემლებში სისხლის არსებობით გამოიხატება. ამას გარდა, მას შეიძლება კანისა და სასუნთქი გზების დაავადებებიც ჰქონოდა.

„პირველად ჩატარდა კვლევა, რომელმაც ვლად დრაკულას, იგივე ვლად III ცეპეშის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც იტალიის კატანიის უნივერსიტეტის ქიმიკოსი მარია გაეტანა ჯოვანა პიტალა ხელმძღვანელობდა.

ვლად დრაკულა ევროპის ისტორიაში ნამდვილად უდიდესი ფიგურა იყო. მისი, როგორც ვლახეთის მმართველის მოღვაწეობა თითქმის მითიურია; განსაკუთრებით კი უკიდურესად სისხლიანი მომენტები, რომლებიც მას მრავალ კონფლიქტში საკუთარი მიწის დასაცავად დასჭირდა.

უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გამოასალმა მან სიცოცხლეს, მაგრამ მეცნიერთა შეფასებით, ეს რიცხვი 80 000-ზე მეტი უნდა ყოფილიყო — მათგან დაახლოებით 20 000-ზე მეტი ხის ძელებზე გასვეს, რომ აღარაფერი ვთქვათ წამების სხვა ფორმებზე, რაშიც მას ადანაშაულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება და საქმეები კარგად არის დოკუმენტირებული და ხშირ შემთხვევაში უდავოდ გადაჭარბებულად, არის დეტალები, რომლებსაც სავარაუდოდ ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა, პიტალა და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ამის გარკვევის გზა არსებობდა — იმ ობიექტების შესწავლით, რომლებსაც დრაკულა ეხებოდა. კერძოდ, იმ წერილების, რომლებიც მის მიერ არის დაწერილი.

წერილები ისტორიკოსებისთვის ნამდვილი საგანძურია. თუმცა, ამ შემთხვევაში, მკვლევრებს დრაკულას წერილების შინაარსი კი არ აინტერესებდათ, არამედ ის, თუ რა საიდუმლოები შეიძლება დარჩენილიყო ქაღალდზე: მოლეკულები და ცილები, რომლებიც იქ შეიძლება ადამიანის შეხების შედეგად მოხვედრილიყო.

მისი წერილები ახლა 500 წლისაა და მასალების ამოღებამ შეიძლება ისინი დააზიანოს, რაც ძვირფასი ისტორიული დოკუმენტებისთვის არც ისე სასურველია. თუმცა, უძველესი ქსოვილებიდან და ქაღალდებიდან ამ ეფექტის მისაღებად გამოიყენეს უახლესი მიღწევა — ეთილენვინილაცეტატის სპეციალური საფარი, რომელიც იონური გადამცვლელებით და წყალგაუმტარი ფისებით იყო დამუშავებული.

დრაკულა

ნებისმიერი სახის ზედაპირზე გამოყენებისას, ამ საფარს ზედაპირის დაზიანების გარეშე შეუძლია ცილებისა და მოლეკულების ამოღება.

ასეთი საფარი ჯგუფმა დრაკულას სამ წერილზე გამოიყენა; ერთი მათგანი 1457 წლით თარიღდება, ორი კი 1475 წლით. შედეგების ანალიზისთვის მასის სპექტრომეტრია გამოიყენეს. ასე აღმოაჩინეს ათასობით პეპტიდი და ცილა. ყურადღება გაამახვილეს ადამიანის ბიოლოგიის სიგნალებზე; ვინაიდან ამ წერილებს მრავალი ადამიანი ეხებოდა საუკუნეების განმავლობაში, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანური მასალები იყო დეგრადირებული.

შედეგები ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. მკვლევართა მიერ ნაპოვნი ცილებიდან ორი უნდა მიუთითებდეს სუნთქვის გენეტიკურ დარღვევაზე, რომელიც ფილტვებისა და სინუსის ქრონიკულ ინფექციებს იწვევს. ასევე აღმოაჩინეს პეპტიდები, რომლებიც ანთებით პროცესებთან კავშირში მყოფ ცილებთან არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, ეს კანის ან სუნთქვის დარღვევაზე მიუთითებს — ან ორივეზე.

ასევე აღმოაჩინეს პეპტიდები, რომლებიც დაკავშირებულია თვალის ბადურის და ცრემლების ცილებთან, ისევე, როგორც სისხლის ცილებთან. მკვლევართა მტკიცებით, არსებობს ცნობები, რომელთა მიხედვითაც, ვლად დრაკულა სისხლიანი ცრემლებით ტიროდა; მართლაც, ეს კონცეფცია პოპულარულია დრაკულას ფიქციურ გამოსახულებებში. დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამ ჭორში შეიძლება გარკვეული სიმართლის მარცვალი იყოს.

„მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე სანდოდ არ შეიძლება ჩაითვალოს, ჩვენ მიერ მიღებული პროტეომიური მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს, რომ სავარაუდოდ, სულ მცირე სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც, დრაკულას ტანჯავდა პათოლოგიური დაავადება, სახელად ჰემოლაკრია, რომლის გამოც, ის შეიძლება სისხლიანი ცრემლებით ტიროდა“, — წერენ მკვლევრები.

ჭორებისა და ვლად დრაკულას გარდა, კვლევა სხვა თვალსაზრისითაც იყო საინტერესო; სამი წერილის შესწავლამ გამოავლინა ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, მწერებისა და მცენარეების ათასობით პეპტიდი, რომლებიც მომაჯადოებელ ფანჯარას გვიხსნიან წარსულში, მე-15 საუკუნის ვლახეთის ცხოვრებაში.

მაგალითად, ბაქტერიების უმეტესობა ადამიანის ნაწლავების ფლორის ნორმალურ ნაწილს წარმოქმნის, მაგრამ იყო ზოგიერთი ისეთიც, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ან საშარდე გზების ინფექციებზე მიუთითებენ. ასევე აღმოაჩინეს პეპტიდები, რომლებიც დაკავშირებულია შავი ჭირის გამომწვევ ბაცილა Yersinia pestis-ისთან.

სხვა მოლეკულები მიუთითებს ხილის ბუზებზე, ტკიპებისა და კოღოების მიერ გავრცელებულ ვირუსებზე და დამპალი ხილის ობზე.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგები აჩენს იმედს, რომ ამ მეთოდის გამოყენება სხვა უძველეს დოკუმენტებზეც შესაძლებელი იქნება, რაც მრავალ ახალ ცნობას მოგვცემს შორეული წარსულის შესახებ.

კვლევა Analytical Chemistry-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.