„ვიზეარი“ საქართველოდან ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით 16 მარტიდან 3 აპრილამდე ფრენებს აჩერებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით 16 მარტიდან 3 აპრილამდე ფრენებს დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
რეისების შეწყვეტა ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდება.
მგზავრებს, რომელთაც აღნიშნულ პერიოდში ამ ოთხი ქვეყნის მიმართულებით ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, მგზავრობის საფასური 120 პროცენტის ოდენობით „ვიზეარის“ ბალანსზე დაუბრუნდებათ, რომლითაც სარგებლობას მომდევნო 24 თვის განმავლობაში შეძლებენ.
მგზავრებს ასევე ექნებათ თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს მეტ დროს მოითხოვს და ამის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მგზავრებს დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური 100 პროცენტის ოდენობით.
ის მგზავრები კი, რომელთაც ბილეთები სხვადასხვა სააგენტოს საშუალებით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამ სააგენტოებს.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ბოდიშს უხდის მომხარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.