ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს მოქალაქეები არიან პროევროპულები, სურთ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, ნატო-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, კარგად დავფიქრდეთ
არსებულ სიტუაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება დიდი წარმატებაა. საქართველოს მთავრობას აქვს იგივე შანსები, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მკაფიოდ განისაზღვრა, რისი გაკეთებაა საჭირო, რათა ქვეყანა დაწინაურდეს კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნამდე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ტექნიკური კუთხით კმაყოფილები არ არიან.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის განმარტებით, საქართველოში მოვლენების განვითარება ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, ეს ეხება რუსეთთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას ჩინელ ინვესტორებთან.
„ევროკავშირის გაფართოების პროცესი ძირითადად დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია. ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, ერთი და იგივე შანსები აქვს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს მკაფიო დღის წესრიგი, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა ევროკავშირთან შესაბამისობაში მოვიდეს. ჩემთვის ცხადია, რომ ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივე წინაპირობები უნდა არსებობდეს. ანუ, საქართველოსთვის პირობები უნდა იყოს იგივე, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. ჩემი აზრით, არსებულ სიტუაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის დიდი წარმატება. საქართველოს მთავრობას აქვს იგივე შანსები, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მკაფიოდ განისაზღვრა, რისი გაკეთებაა საჭირო, რათა ქვეყანა დაწინაურდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნამდე. ის, რაც ამ დრომდე ვნახეთ, არ იყო მთლად დამაკმაყოფილებელი და არ იყო, რასაც ჩვენ რეალურად ველოდებოდით. ბევრი მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა საქართველოსთვის კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ტექნიკური კუთხით არ ვართ კმაყოფილები. ჩვენ გვიკვირს, რატომ არ იყენებს მთავრობა შესაძლებლობებს, რომლებიც მათ მივეცით. რომ გადავხედოთ რეფორმების დონეს, პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ ომის პირობებშიც კი უკრაინამ მეტი გააკეთა. მოლდოვა არის გაცილებით წინ.
საქართველოში მოვლენების განვითარება ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. ეს ეხება რუსეთთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას ჩინელ ინვესტორებთან, ისინი აძლევენ რუსულ კაპიტალს შემოდინების საშუალებას, ბევრი რუსი მოქალაქე იღებს აქ ბინადრობის უფლებას. რა უნდა იყოს ამაზე პასუხი? მე პირადად ვფიქრობ, და ეს არ არის არც გერმანიის მთავრობის და არც ევროპარლამენტის, არამედ ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ეს მომენტი და შესაძლებლობის ფანჯარა, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ, მიუხედავად საქართველოს მთავრობის უამბიციობისა, საქართველოს მივცეთ კანდიდატის სტატუსი კონკრეტული პირობებით, რადგან საქართველო არის ასეთი მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეები არიან ასეთი პროევროპულები და მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, ნატო-ს წევრი, ეს გაქვთ ჩაწერილი კონსტიტუციაშიც. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, კარგად დავფიქრდეთ“, – განუცხადა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იმოქმედებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების პროცესზე, რადგან, მისივე განმარტებით, ეს პროცესი ფასდება გაწერილი პირობების შესრულებით.
ამავდროულად, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ მისთვის იმპიჩმენტის პროცედურა არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ეთგვარი ფორმა.
„ჩვენთვის ეს საპნის ოპერას წააგავს. ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს და ვხედავთ პრეზიდენტს, რომელსაც აშკარად სურს ქვეყნის დახმარება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოვოს და რომელიც ამით მისდევს საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს. ამ დროს გვესმის, რომ მისი იმპიჩმენტია საჭირო. ეს ხუმრობას ჰგავს. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების მოტივაცია არის საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის ინტერესებში და ეს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. შეიძლება იყო ისე, რომ ჯერ მთავრობა არღვევს კონსტიტუციას და შემდეგ პრეზიდენტი არღვევს მას. ვფიქრობ, ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, საქართველოს შეფასებისას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.