ვინ დაიკავებს თანამდებობებს თბილისის ახალ საკრებულოში - პარტია „ქართული ოცნების“ განცხადება
თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, საკრებულოს პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების – ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.
რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.
ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.
ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისია – რიმა ბერაძე;
იურიდიული საკითხთა კომისია – ლევან ჟორჟოლიანი;
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – გიორგი ბირბიჩაძე;
განათლებისა და კულტურის კომისია – თამარ ტალიაშვილი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას;
გარემოს დაცვის კომისია – ერეკლე კუხიანიძე; ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – ირაკლი ზარქუა; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ოთარ გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – თინათინ ნიბლოშვილი;
მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია – ანა ლაშხი“, – აღნიშნულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციაში.