ვინ არის რობოტი სოფია - უნარები და შესაძლებლობები
ვინ არის რობოტი სოფია - უნარები და შესაძლებლობები

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) ორგანიზებით, მსოფლიოში პოპულარული რობოტი სოფია საქართველოს ეწვია. რას წარმოადგენს, ვინ და რისთვის შექმნა ადამიანის მსგავსი ეს რობოტი? როგორია მისი შესაძლებლობები?

სოფია სოციალური ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც ჰონგკონგურმა კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. სოფია 2015 წლის 19 აპრილს გაააქტიურეს, საზოგადოების წინაშე კი პირველად 2016 წლის მარტში, ტეხასის ქალაქ ოსტინში წარსდგა. რობოტს შეუძლია მიიღოს სახის 50 სხვადასხვა გამომეტყველება.

სოფიას აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია, მასთან ჩაწერილია მრავალი მაღალპროფილური ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ სოფიას ინტერვიუები შთამბეჭდავია და გამოირჩევა დახვეწილი პასუხებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი მრავალი მნიშვნელოვანი განცხადება გარკვეულწილად დადგმული, წინასწარ გაწერილია.

2017 წელს, სოფია პირველი რობოტი გახდა, რომელმაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო — რობოტს საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს ეს ტიტული მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

ისტორია

სოფია კომპანია Hanson Robotics-მა ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებთან ერთად შექმნა.

რობოტი მიმსგავსებულია მსახიობ ოდრი ჰეპბერნს და თავის წინამორბედ რობოტებთან შედარებით, გამოირჩევა უფრო ადამიანური გარეგნობითა და მოქმედებებით. მისი შემქმნელის, დევიდ ჰენსონის განცხადებით, სოფია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ვიზუალური მონაცემების დამუშავებასა და სახის ამოცნობის სისტემას. გარდა ამისა, სოფია ახდენს ადამიანური ჟესტებისა და სახის გამომეტყველების იმიტირებას და შეუძლია უპასუხოს გარკვეულ კითხვებს წინასწარ განსაზღვრული თემების შესახებ. სოფია ასევე იყენებს კომპანია Alphabet Inc.-ის მიერ შექმნილ ხმის ამოცნობის სისტემას (ხმიდან ტექსტზე გადაყვანა) და ისეა დაპროექტებული, რომ დროთა განმავლობაში უფრო ჭკვიანი გახდეს. მისი ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია კომპანია SingularityNET-ის მიერ.

დევიდ ჰენსონის თქმით, სოფიას შექმნისას მისი მიზანი იყო, რომ რობოტმა კომპანიონობა გაუწიოს მიუსაფართა სახლების ბინადარ მოხუცებს, ანდაც დაეხმაროს ხალხის ჯგუფებს მასშტაბურ ღონისძიებებზე. ჰენსონი იმედოვნებს, რომ რობოტი საბოლოო ჯამში შეძლებს ადამიანებთან მოქნილი ურთიერთობის დაწყებას, რათა გამოიმუშაოს სოციალური უნარ-ჩვევები.

სოფიას შვიდი „დედმამიშვილი“ რობოტი ჰყავს, რომლებიც ასევე Hanson Robotics-მა შექმნა. მათი სახელებია ალისა, ალბერტ აინშტაინ ჰუბო, BINA48, ჰანი, ჯულსი, პროფესორ აინშტაინი, ფილიპ დიკ ანდროიდი, ზენო და ჯოი ქაოტიკი.

მახასიათებლები

თვალებში ჩამონტაჟებული კამერები, რომლებიც კომპიუტერულ ალგორითმთან არის კომბინირებული, სოფიას მხედველობის საშუალებას აძლევს. მას შეუძლია მიჰყვეს სახეებს, შეინარჩუნოს თვალის კონტაქტი და ამოიცნოს ინდივიდები. ენის ბუნებრივი ქვესისტემის საშუალებით, სოფიას შეუძლია სიტყვის მომზადება და საუბარი. 2018 წლის იანვარში, სოფია აღჭურვეს ფუნქციონალური ფეხებითა და სიარულის უნარით.

სოფია კონცეპტუალურად ჰგავს კომპიუტერულ პროგრამა ELIZA-ს, რომელიც ადამიანის საუბრის სიმულირების ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო. პროგრამული უზრუნველყოფა ისეა დაპროგრამებული, რომ სპეციფიკურ კითხვებს გასცეს წინასწარ გაწერილი პასუხები, დაახლოებით ჩატბოტის მსგავსად. ამ პასუხების შედეგად წარმოიქმნება ილუზია, რომ რობოტს ესმის საუბარი. ინფორმაცია გაზიარებულია ღრუბლოვან ქსელში, რისი წყალობითაც, შეყვანილი მონაცემებისა და პასუხების ანალიზი ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ხდება.

დევიდ ჰენსონის თქმით, საბოლოო ჯამში სოფია დააკმაყოფილებს ყველა პირობას, რათა იმსახუროს ჯანდაცვაში, მომსახურების სფეროში, თერაპიასა და განათლებაში. სოფია მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც მუდმივად აუმჯობესებენ ლაბორატორიაში. შესაბამისად, მისი საუბარი სულ უფრო სწრაფი ხდება, მცირდება გამომეტყველებაში არსებულ ხარვეზთა ოდენობა და უფრო მეტი სიზუსტით პასუხობს კომპლექსურ შეკითხვებს.

საჯარო ფიგურა

2017 წლის 21 ნოემბერს, გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ტიტული რობოტს სინგაპურში გადასცეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-პასუხისმგებლობის ფორუმზე.

სოფია არაერთხელ ჩნდება სხვადასხვა მედიასაშუალებაში. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სატელევიზიო გადაცემები — CBS-ის „60 წუთი“ და პიერ მორგანის „Good Morning Britain“. გარდა ამისა, რობოტი არაერთხელ გამოჩნდა ისეთ გამოცემებშიც, როგორებიცაა CNBC, Forbes, Mashable, the New York Times, the Wall Street Journal, the Guardian. სოფია გამოჩნდა AUDI-ს წლიურ მოხსენებაში და ჟურნალ ELLE-ის ბრაზილიურ გამოცემაში.

ღონისძიებები

სოფიას ზუსტად ისე ესაუბრებიან, როგორც ადამიანს; გასაოცარია მისი საუბრები მასპინძლებთან. ყოფილა შემთხვევები, როცა მას კითხვებზე აბსურდული პასუხები გაუცია, მაგრამ ყოფილა არაერთი შთამბეჭდავი პასუხიც. CNBC-ის სიუჟეტში, როდესაც ჟურნალისტმა შეშფოთება გამოხატა რობოტის ქცევასთან დაკავშირებით, სოფიამ იხუმრა, რომ ის (ჟურნალისტი) ალბათ ძალიან ბევრს კითხულობდა ელონ მასკს და უყურებდა ზედმეტად ბევრ ჰოლივუდის ფილმს. მასკი რობოტს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისთვის ეყურებინებინათ „ნალია“ და შემდეგ ეკითხათ — „რა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს?“.

2017 წლის 11 ოქტომბერს, სოფიას გაესაუბრა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ამინა მოჰამედი. ამავე წლის 25 ოქტომბერს, ერ-რიადში გამართულ მომავლის ინვესტიციების სამიტზე რობოტს საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ის პირველი რობოტი გახდა, რომელმაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ამ ფაქტს გარკვეული დაპირისპირებაც მოჰყვა, რადგან ზოგიერთმა წამოჭრა საკითხი, მოქალაქეობის მიღება ნიშნავდა თუ არა იმას, რომ სოფიას შეეძლო ხმის მიცემა ან ქორწინება; გარდა ამისა, ჩაითვლებოდა თუ არა მისი სისტემის გათიშვა მკვლელობად.

საკითხის განხილვამ სოციალურ მედიაში გადაინაცვლა. ზოგიერთს აინტერესებდა ისიც, მოუწევდა თუ არა სოფიას ისლამის მიღება, რადგან არამუსლიმებს საუდის არაბეთის მოქალაქეობის მიღება არ შეუძლიათ.

სამეცნიერო საზოგადოების შეფასება

გამოცემა Quartz-ის ცნობით, ექსპერტები, რომლებმაც რობოტის ღია წყაროს კოდის მდგომარეობა შეაფასეს, აცხადებენ, რომ სოფია საუკეთესო კატეგორიის სახიანი რობოტია. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა გარკვეული ნაწილი სოფიას ასე გადამეტებულ პრეზენტაციას არ ეთანხმება.

პორტალ The Verge-ის ცნობით, დევიდ ჰენსონი სოფიას შეფასებისას ხშირად აჭარბებს და ცდება რობოტის ცნობიერებასთან დაკავშირებით.

2018 წლის იანვარში, Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის დირექტორმა, იან ლეკუნმა Twitter-ზე დაწერა, რომ სოფია „სრული აბსურდია“ და მედია „პოტიომკინის ხელოვნური ინტელექტისთვის“ დროის დათმობაში დაადანაშაულა.

მომზადებულია Quartz-ის, The Verge-ისა და TechCrunch-ის მიხედვით.