ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათ ბაზაში, როგორც ვეტერანი, არ ირიცხება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათ ბაზაში, როგორც ვეტერანი, არ ირიცხება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ვეტერანების სახელმწიფო სამსახურში არსებულ ბაზაში, როგორც ვეტერანი, რეგისტრირებული არ არის.

„სამაჩაბლოს უკუპირებულ ტერიტორიაზე, რაღაც უშიშროების სამსახურის მიერ, ჩვენი მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ და იმ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა სახელმწიფოს ვითომდა უშიშროების სამსახურმა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იღებდა მონაწილეობას 2008 წლის საბრძოლო ოპერაციებში, ოფიციალურად ვაცხადებთ, მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ბაზაში, როგორც ვეტერანი, არ ირიცხება“ ,- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

ამასთან, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია აცხადებს, რომ ექიმის გასამართლება სამარცხვინო ფაქტია.

„ვეტერანების სახელით ვაცხადებ, რომ ექმის გასამართლება იყო სრულიად სამარცხვინო და უსაფუძვლო. ნებისმიერი ჩვენთაგანი მზად არის, ჩაენაცვლოს ვაჟა გაფრინდაშვილს“, – აღნიშნა მალხაზ თოფურიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

20 ნოემბერს ღუდუშაურის სახელობის კლინიკა დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციას გამოეხმაურა. კლინიკაში განმარტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს მთელი თვის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გაუსვლელად იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.