ვენეციის პორტის პრეზიდენტი - საქართველო „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა
თბილისში ვიზიტით მყოფმა ვენეციის პორტის პრეზიდენტმა, პინო მუსოლინომ იტალიურ გამოცემა VeneziaToday-სთან საქართველოს მნიშვნელობასა და მის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა.
„საქართველო XXI-ე საუკუნის „აბრეშუმის გზაზე“ მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ვენეციის მსგავსად, წარმოადგენს კარიბჭეს ახალი შიდა ბაზრებისკენ“, – განაცხადა მუსოლინომ.
მისი თქმით, საქართველოს პორტებთან საქმიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ვენეციას გზა ეხსნება მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციალის ბაზრებისკენ.
როგორც იტალიური გამოცემა წერს, ვენეციის პორტის პრეზიდენტი საქართველოში „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში ჩავიდა.
პინო მუსოლინო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და თბილისის მერ კახა კალაძეს.
საქმიანი მოლაპარაკებები გაიმართა ანაკლიის პორტის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ახვლედიანთან და ფოთის პორტის ტერმინალის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან.
როგორც იტალიური გაზეთი იტყობინება, ვენეციის პორტის პრეზიდენტი დღეს ფოთში ჩავა, სადაც პორტის ინფრასტრუქტურას გაეცნობა.