ვენდი შერმანი - რუსეთი თუ დარწმუნებულია, რომ აქვს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც
რუსეთი თუ დარწმუნებულია, როგორც ჩვენ, რომ მას აქვს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენაში, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეუთო-ს განახლებული დიალოგის ინიცირების საინაუგურაციო შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება ეუთო-ს ეგიდით მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს.
„სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. სწორედ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის სურვილისა და ეუთო-ს ვალდებულებების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ვენდი შერმანის თქმით, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო კანონს და ემუქრებიან ევროპის ხედვას თავისუფლების, მთლიანობისა და მშვიდობის შესახებ.