ვენდი შერმანი – რუსეთი თუ დარწმუნებულია, რომ აქვს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც

13:36, 09.02.2022

რუსეთი თუ დარწმუნებულია, როგორც ჩვენ, რომ მას აქვს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენაში, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეუთო-ს განახლებული დიალოგის ინიცირების საინაუგურაციო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება ეუთო-ს ეგიდით მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს.

„სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. სწორედ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის სურვილისა და ეუთო-ს ვალდებულებების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ვენდი შერმანის თქმით, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო კანონს და ემუქრებიან ევროპის ხედვას თავისუფლების, მთლიანობისა და მშვიდობის შესახებ.

მსგავსი