ველომარათონის გამო, 22 სექტემბრის 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა შეიზღუდება
ველომარათონის – „დღე მანქანის გარეშე“ გამო, თბილისში 22 სექტემბერს, 10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაგებიდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე საბურთალოს გავლით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს და გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.შემდეგ, ბარათაშვილის ქუჩაზე აუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
ანალოგიურად, დიდი დიღმიდან და საბურთალოდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.
ველომარათონი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან სტარტს აიღებს. ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და მარათონს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.
ველომარათონი„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უერთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.