თბილისში, ვეძისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს, 26 წლის ასაკის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული ცენტრალურ საუნივერსიტეტი კლინიკაშია (რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაყვანილი. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლმა მიმალვა სცადა, მას საპატრულო ეკიპაჟი აედევნა და დააკავა. უწყების ცნობით, დაკავების დროს 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.