ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას. მსგავსი კანონმდებლობა კრემლში და სხვაგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და რეპრესიების მიზნით გამოიყენება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პატელს კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა რუსა შელიამ დაუსვა: „თქვენი განცხადებები სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ. უფრო ნათლად თუ შეიძლება გკითხოთ, გაქვთ თუ არა პარტნიორებს განცდა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოში?“
„თუ თქვენ საუბრობთ კონკრეტულ კანონმდებლობაზე, მოდით, ვისაუბროთ უცხოელი აგენტების კანონპროექტზე. ჩვენი შეხედულება არის ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა კრემლში და სხვაგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და რეპრესიების მიზნით გამოიყენება. ასეთი სახის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის მიზანშეწონილი, თუ თქვენი მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.
ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების გამო, განსაკუთრებით იმით, თუ როგორ ახდენს სტიგმატიზაციას და მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ისინი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.
ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას არ ვაპირებ. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა გამოიყენებოდა კრემლის მიერ, არა მხოლოდ კრემლის, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და სისტემატური რეპრესირებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა გამჭვირვალობის ხელშეწყობის დადგენილ მიზანთან შესაბამისობაშია“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.